logo
ENG



TI ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელზე: იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი, მიადგათ რეპუტაციული ზიანი

12 იან 202218:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/12/84nw8q0tcityvkd.jpg

საერთაოშორისო გამჭვირვალობა - საქართველო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქმე ცალსახად არის პოლიტიკურად მოტივირებული და შესაძლოა ემსახურებოდეს ერთის მხრივ, პოლიტიკური ოპონენტის დასჯასა და დისკრედიტაციას და მეორეს მხრივ, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის მშენებლობის შეჩერებას. 

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, დასკვნის მიხედვით, ამ საქმეში: "არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს".

"ასევე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცნობს, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას;

ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო საქართველოს პროკურატურას ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის ბრალდების წარდგენა არ შეუძლია, შეუძლებელია სავარაუდო პრედიკატული (წინმსწრები) დანაშაულის დამტკიცება. ბრალდების წაყენებისათვის საკმარისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც კი პროკურატურა ახლა ამას ვერ გააკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრედიკატული დანაშაულის არსებობის შესაბამისი სტანდარტით დამტკიცება ამ ეტაპზე შეუძლებელია;

საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკით, არასათანადო ან ხელოვნურად შექმნილი ბრალდების საფუძველზე (ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების ბრალდება), ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლა, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა.

დღეს, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების მომსწრე. მიუხედავად იმისა, რომ შედეგად პოლიტიკური გაერთიანება ლელოს ლიდერებისა და კრიტიკული მედია არხის ტვ პირველის დამფუძნებლის ოჯახის წევრის თავისუფლების აღკვეთა არ დადგა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი და მათ მიადგათ სერიოზული რეპუტაციული ზიანი. მხარეთა მიერ განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”გააგრძელებს ამ საქმის მონიტორინგს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში", - წერია განცხადებაში.

***

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა.

ბრალდებულები მოსამართლე გიორგი არევაძემ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით სცნო.

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.

ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებდა. 

 


close დახურვა